პარტიების დაფინანსების წესი იცვლება - საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა მიმართა. დეპუტატის ინიციატივის მიხედვით, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ მაჟორიტარული წესით არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში საკუთარ ფრაქციას შექმნიან.
ახალი ცვლილებები ითვალისწინებს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით იქნას არჩეული. დაფინანსების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს მაშინაც, თუკი ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში.
„ვიღაცამ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიყვანა 6, 7, დეპუტატი, მიგვაჩნია, რომ ეს წარმომადგენლობაც ისეთივე ლეგიტიმურია და იმ უფლებებით და კომპეტენციით უნდა სარგებლობდეს, რა უფლებებით და კომპეტენციითაც სარგებლობს პროპორციული წესით 3% გადალახული. მით უმეტეს, რომ იმ 3% გადალახულს შეიძლება არც ჰყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში. ჩვენს პარტიას ეს არ ეხება, ჩვენ არ მივიღებთ არავითარ დაფინანსებას, ამიტომ თუ რაიმე კორუფციაზეა ლაპარაკი მოიკითხონ. მე პიროვნულად წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო დაფინანსების, მაგრამ რადგან ასეთ წესები არსებობს, მიმაჩნია, რომ ორივე წესით არჩეული დეპუტატები უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის თქმით, ინიციატივის მიხედვით დაფინანსებას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებიც მიიღებენ.
„შესაძლოა პარტიამ 5-6 კაცი გაიყვანოს მაჟორიტარული წესით და მას დაფინანსება არ ეძლევა. მე ასე მგონია ეს უსამართლობაა. რაკიღა თანაბარია ჯერჯერობით ორივე სისტემა, პროპორციული და მაჟორიტარული, ჩემის აზრით, გაცილებით სამართლიანია და დისკრიმინაცია გამორიცხული იქნება თუკი ორივე სისტემით გაყვანილი დეპუტატებით მიეცემა პარტიას დაფინანსება,“-აცხადებს სიმონ ნოზაძე.