ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე შესაძლო გათავისუფლებას ოპოზიცია ეხმაურება. ოპოზიციის წევრები გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებენ. მათი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა შეწყდეს.
„ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს, რომ რეალურად, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება შეესრულებინა, გადაწყვიტა, რომ დიდ პალატაში გაესაჩივრებინა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ იცის, რომ ამ საქმის მოგების შანსები არის მინიმალური და სავარაუდოდ, ისინი ცდილობენ, მორიგი სირცხვილი აიცილონ თავიდან და ვანო მერაბიშვილი მანამდე გამოუშვან, ვიდრე ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა გახდება,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.
ოპოზიციის წევრების აზრით, ვანო მერაბიშვილი რაც უფრო მალე დატოვებს საპატიმროს, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება საქართველო სტრასბურგისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.
"უკვე შემდგარი ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ დევნილად აღიარა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა დროის გაწელვას და საკითხის დიდ პალატაში შეტანას, მაგრამ დღედღეზე დიდი პალატაც დაადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. რაც უფრო სწრაფად მოხდება ვანო მერაბიშვილის გარეთ გამოსვლა, მით უფრო ნაკლებს ზიანს და სირცხვილს მიიღებს საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.