პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის აზიურ ფაროსანთან ბრძოლის მექანიზმებზე დებატები გაიმართა. „ევროპულ საქართველოში“ აღნიშნეს, რომ სამეგრელოს მოსახლეობა მავნებელს ვეღარ უმკლავდება და ხელისუფლებას მათ წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება.
"სამეგრელოს მოსახლეობა ვერ განახორციელებს იმ ჩართულობას, რომელიც უნდა განახორციელოს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში, არა იმიტომ, რომ მეგრელი ხალხი ზარმაცია, როგორც თქვენ ამბობთ, არამედ იმიტომ, რომ არ აქვთ რესურსი, რომ მავნებელს ებრძოლონ. თუ ხელისუფლება ამ ჯერზე მოსახლეობას გვერდით არ დაუდგა, ეს პრობლემა გაცილებით გლობალური იქნება. ეს მოცემულობა ამ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას გაკისრებთ,“- განაცხადა ლელა ქებურიამ.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მავნებლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო სამუშაო გასწია. ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ლელა ქებურიას უპასუხა, რომ მან ან ბოდიში უნდა მოიხადოს ან ის პიროვნება უნდა დაასახელოს, ვინც თქვა, რომ მეგრელი ხალხი ზარმაცია.
„ძალიან დიდი სამუშაო გასწია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რაც უპრეცენდენტოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებიც ამაოდ ებრძვიან ამ ძალიან დიდ პრობლემას. საქართველოში გარკვეული შედეგები იქნა მიღწეული, რაც ასევე განვითრდება და პროგრესული იქნება. ქალბატონო ლელა, ვინ თქვა, რომ ზარმაცია მეგრელი ხალხი, ან ამაზე ბოდიში უნდა მოიხადოთ უმრავლესობის, მოქალაქეების და განსაკუთრებით მეგრელების წინაშე ან უნდა მიუთითოთ ის ადამიანი, ვინც ეს თქვა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.