პარლამენტში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და ლარის კურსის ვარდნაზე დებატები გაიმართა. ოპოზიციის წევრების თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს შემოდგომასა და წინასაახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა, რაც ახლა პირიქით მოხდა.
„ამბობენ, რომ ეს ან ახალი წლის მოახლოების ან სხვა სეზონური ფაქტორების ბრალია. კი მაგრამ, იმ ცხრა წელზე ეს სეზონი რატომ არ მოქმედებდა, რატომ იყო პირიქით, რომ იმ პერიოდში შემოდგომა წინასაახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა? ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის უგუნური ქმედებები. დღეს 650 მოლიონით არის ხაზინიდან დაკრედიტებული კომერციულ ბანკები,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა გადასახადების შემცირებაა.
„ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებთ, ამის ნათელი მაგალითია თქვენ მიერ გამოცხადებული და გაპიარებული დედოლარიზაციის პროგრამა, რომელიც ჩაგივარდათ. ლარის დაცემამ გამოიწვია უკვე გაზის ტარიფის უკვე გაზრდა. გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის გადასახადების შემცირება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.