„თქვენ ახლა ზიხართ და უბრალოდ ატყუებთ საზოგადებას და ასე არ გამოვა,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გააკეთა. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
ზაზა ბიბილაშვილს არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე სურდა საუბარი და კითხვების დასმა, თუმცა თამარ ჟვანიამ მას ამის უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ ბიბილაშვილი სხდომას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა. ამ საკითხს სხდომაზე კამათი მოყვა.
„ნაციონალური მოძრაობაშ“ აცხადებენ, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დაახლოებით ათასამდე საჩივარი აქვთ დაწერილი.
„ცესკო ზის და რაღაც სპექტაკლს დგამს, ალბათ ივანიშვილის პირადი მოხმარებისთვის, მაშინ როდესაც ეს არჩევნები საქართველოში რეალურად არ შემდგარა. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი მეთოდით,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი