ქართველი თეოლოგები პატრიარქ კირილის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურებიან.
საუბარია აფხაზეთის საკითხზე თანამშრომლობისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.
თეოლოგების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად იყოფა. თეოლოგი ლადო ნარსია ფიქრობს , რომ ასეთი წამოწყებით რუსეთს სურს საკუთარი ინტერესები გაამყაროს და ამ დიალოგში საქართველოს ეკლესიის მონაწილეობა გამოიყენოს.
„შეუძლებელია, რომ აქ ვილაპარაკოთ პრობლემის გადაწყვეტაზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჩართულობით ისტორიას არ ახსოვს რაიმე ტიპის პრობლემის მოგვარება. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშობს წესებით რაც მისი ინტერესების დაცვას და ბერკეტების გამყარებას გულისხმობს ნებისმიერ ასპარეზზე,“-განაცხადა ლადო ნარსიამ და აღნიშნა, რომ შეხვედრა არ უნდა შედგეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ეკლესიის დელეგაციის მონაწილეობით და მასში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვა ეკლესიების წარმომადგენლებმაც.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ლევან აბაშიძეს. თეოლოგი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას, ასეთი შეხვედრები ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს.
„რუსეთის ეკლესია არ აღიარებს არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის ე.წ. დემოუკიდებელ ეკლესიებს. ის აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას მთელს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ჩემი აზრით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენმა ეკლესიამ ეს უნდა გამოიყენოს. ამიტომ შეხვედრები უნდა იყოს. თავისთავად შეხვედრა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება ორივე მხარისთვის მისაღები. მაგრამ ჩემი აზრით ასეთი შეხვედრები და დიალოგი არის აუცილებელი,“-განაცხადა ლევან აბაშიძემ.
თავად საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, რა ფორმით აპირებენ რუსეთის ეკლესიასთან აფხაზეთის საკითხზე თანამშრომლობას და რომელი სასულიერო პირები შევლენ ერთობლივ სამუშაო ჯგუფში.
ოფიციალური ვიზიტისას პატრიარქ კირილის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ილია მეორე მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლის თავის იუბილეზეც დაპატიჟა.