20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე 28 ნოემბერს გამოცხადდება - ოთარ კახიძე

„ახლახან მივიღეთ წერილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატისგან. მათ გვაცნობეს და მაცნობეს, რომ 28 ნოემბერს ამა წლის 11:30 წუთზე, დილის, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საჯაროდ გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე „ივანე მერაბიშვილი - საქართველოს წინააღმდეგ“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კახიძის თქმით, თუ დადგინდება, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი ვანო მერაბიშვილის მიმართ, მაშინ ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს და ეს არის პირველი საქმე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მე-18 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ეყოლება დეკლარირებული პოლიტიკური პატიმარი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

2016 წელს ევროსასამართლოს რვა მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა უკვე დაადგინა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი გახდა, რომელზეც გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა.

სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კი ხელისუფლებამ დიდ პალატაში გაასაჩივრა.

დღის ამბები