ბიზნესის კეთების რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურებას დღეს მთავრობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით რეიტინგში მე-16 აგილიდან მე-9 ადგილზე გადასვლა ქვეყანაში ბოლო წლებში გაწეული მუშაობის შედეგია და არის ყველა წინაპირობა, რომ მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. კვირიკაშვილმა ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებელზეც ისაუბრა და ეკონომიკის 4.7%-იან ზრდაზეც გააკეთა კომენტარი.
”7 ადგილით ანაცვლება მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველო უმაღლეს ათეულში მოექცა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. მესმის რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს ერთბაშად არ აისახება, რა თქმა უნდა, მარგამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, რომ ტენდენცია რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან ჯანსაღი და არის ყველა წინა პირობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ეს შედეგი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოა.
“წელს დუინგ ბიზნეს რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ქონია ჩვენ ქვეყანას ამ შეფასების შედეგად, ბიზნესის დაწყების სიმარტივით, რეგისტრაციის და თვითონ ბიზნეს რეესტრის ფუნქციონირების რეესტრში ჩვენ, მე-8 დან მე-4 ადგილზე გადავედით. ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა აღსრულების პროცესმა, გადახდის უუნარობის მართვის კუთხით ჩვენ 106-დან 57-ე ადგილზე გადავედით. თვითონ აღსრულების პროცესის ხარისხით ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე, შარშან ვიყავით მე-16 ადგილზე“ - აღნიშნა წულუკიანმა.