საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სესია 2 საათიანი დაგვიანებით დაიწყო, რასაც თავად უმრავლესობის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია.
„ვერც ერთხელ ვერ დავიწყეთ დროზე ჩვენი სხდომა. სულ მცირე ერთი საათით დაგვიანებით ვიწყებთ. მე როგორც ნელ-ნელა ვრწმუნდები, ამას არანაირი სანქციები არ უშველის. ეს უბრალოდ მენტალობის და შეგნების ამბავია არის ალბათ, რომელიც პატარა ბავშვობიდან მოდის. ეს ხალხი ვინც ასე აგვიანებს შეურაცხყოფას აყენებს კოლეგებს და უპატივცემულობას გამოხატავს მათ მიმართ,“-განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რევაზ არველაძემ.
მის ამ განცხადებას დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის თქმით მიუღებელია ის პრაქტიკა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა. მისი თქმით ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები და შესაძლებელია, რომ ეს სანქციები ამოქმედდეს ნოემბრის თვიდან.