20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
„რატომ იტყუებით?"- დებატები კომიტეტის სხდომაზე სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ოპოზიციის წევრებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენდა, კითხვები დაუსვეს. მან საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების კანონზე ისაუბრა.

„სახელფასო პოლიტიკა ქვეყანაში აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების კანონი, რომელიც შემოტანილია, სწორედ ამას ითვალისწინებს,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ოპოზიციის წევრებმა ფინანასთა მინისტრის მოადგილე ტყუილში დაადანაშაულეს.

„რატომ იტყუებით ბატონო გიორგი? წაიკითხეთ გარდამავალი დებულებები და ამოქმედების ვადები. 2021 წლამდე არ ეხება არც მინისტრებს, არ მინისტრის მოადგილეებს,“- მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, რაზეც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ დანამატებისა და პრემიების შეზღუდვა 2018 წლის პირველი იანვრიდან ეხება მინისტრებსაც, მოადგილეებსაც და ძალოვანი უწყების თანამშრომლებსაც.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების კანონის მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დანამატები და პრემიები მოისპოს, რაზეც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ პრემია-დანამატები ჯილდოებით ჩანაცვლდება.

„დანამატები და პრემიები მოისპობა, მაგრამ გაჩნდება ჯილდოები, ეს წერია ამ კანონში,“- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა დაგეგმილი არ არის. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია პასუხს ითხოვდა, თუ რატომ არ იზრდება მომავლ წელს პენსია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები