ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოცხადდება. შესაბამისი წერილი სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატიდან, ყოფილი პრემიერის იურისტებმა დღეს მიიღეს.
გასულ წელს ევროპელმა მოსამართლეებმა მერაბიშვილის მიმართ ევრო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყოფილი პრემიერის დაკავებას ფარული მიზანი ჰქონდა.
მერაბიშვილის ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ სექციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე სტრასბურგის გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რთული პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე დგას. სტრასბურგის გადაწყვეტილების გარდა, ყოფილი პრემიერის გათავისუფლების მიზეზი, ვადაზე ადრე გათავისუფლებაა.
როდის იმსჯელებს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მერაბიშვილის საქმეზე, ჯერ უცნობია.
ადვოკატის თქმით, გათავისუფლების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი საქართველოში დარჩენას და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს.