ცესკო დღეს ოპოზიციის ერთობლივ საჩივარს განიხილავს. ლიდერთა საბჭოში შემავალი პარტიები და საპარლამენტო ოპოზიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების დროს დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებზე ითხოვენ რეაგირებას.
„10 სუბიექტი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 20 პარტიას, თანხმდება იმაზე, რომ ეს შედეგები არ ასახავს რეალობას, თანხმდება იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თანასწორი. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ მინიმალურს, მოდით გავხსნათ უბნები, გადავთვალოთ და შევადაროთ გამოცხადებული შედეგები,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი.
თვითმმართველობის არჩევნებზე მანიპულაციებსა და ჩარევაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“.
„ეს არჩევნები სამწუხაროდ, არ ასახავს ქართველი ადამიანების, საქართველოში მცხოვრების ნებას. ჩვენ გავასაჩივრებთ შედეგებს, რომელიც გამოცხადდა ცესკოს მიერ, ვინაიდან, ის მანიპულაციები და ინსტრუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, პირდაპირ აისახება შედეგებზე,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების შედეგები პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ იქნა გასაჩივრებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
დღეს საღამოს 7:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს ლელა ქიტესაშვილის საჩივარზეც. "ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატმა ცესკოს საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა.