პენსია საქართველოში 2019-2020 წლიდან გაიზრდება. ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრები წარუდგინა, რომელიც 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.
პენსიისა და ხელფასების მატებასთან დაკავშირებით კითხვა ქუმსიშვილის "ევროპული საქართველოს" წევრებმა დაუსვეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული პენსიის მატება, მაშინ როდესაც გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.
„ფასები გაიზარდა ყველაფერზე, ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე, თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელის ხელფასს, არც მასწავლებლის ხელფასს, არც დევნილების შემწეობას. მაშინ, როდესაც 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, პრემიები, ხელფასები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. ამ ფონზე, რატომ არ ითვალისწინებთ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი ლიდერის, დავით ბაქრაძის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით, პენსიების მატების შესახებ,“ - მიმართა გიორგი კანდელაკმა ფინანსთა მინისტრს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის კითხვის პასუხად ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2019 წელს და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით, პენსია მოიმატებს 20-20 ლარით.
ფინანსთა მინისტრს დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით 15 შეკითხვა დაუსვეს. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა ერთ საათში განახლდება, კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, სხდომაზე სიტყვით ფრაქციების, უმცირესობის წევრები და ცალკეული დეპუტატები გამოვლენ.
დღევანდელი განხილვის შემდეგ, ბიუჯეტი გადასამუშავებლად კვლავ მთავრობას დაუბრუნდება. დამტკიცება კი სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში მოხდება.