საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სასამართლო განხილვის დაწყებამდე აღნიშნავდა, რომ „არჩევნები ტოტალურად გაყალბდა“, რასაც საუბნო-საოლქო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობაც მეტყველებს.
„დღეს არის ერთგვარი კულმინაცია, ვინაიდან თბილისში ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და ყოველი გასაჩივრებული უბნის გადათვლა არის გასაჩივრების საგანი, რომელსაც ხელს აწერს 10 საარჩევნო სუბიექტი,“ – აცხადებს ლორთქიფანიძე.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, სასამართლოზეა დამოკიდებული იქნება თუ არა ის პოლიტიზირებული თუ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.
„დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან მან უნდა დაფაროს ხელისუფლების დანაშაული ან მან უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ სასამართლო ხელისუფლება ეს არის რეალურად, დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტო,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ენმ კი სასამართლოს დღეს მიმართავს და ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ამ სარჩელის შესახებ გადაწყვეტილება.