პროკურატურამ დაჩი ფელდმანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. დაჩი ფელდმანი 15 პოლიციელს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღიშნულია, რომ ფელდმანის დაკავებისას სამართლდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის გამოვლინების ფაქტები არ დადასტურდა, რის გამოც, უწყებამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
„საქართველოს პროკურატურამ დ. ფ.- ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ. ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს. რის საფუძველზეც ქ.თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ. ფ. - ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები. საქმეზე გამოკითხულმა პოლიციელებმა და დ.ფ.-ს თანმხლებმა პირებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დ.ფ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში რომელიც პოლიციელთა გამოჩენის შემდეგ დატოვა და ტერიტორიიდან გაქცევის მიზნით ახლომდებარე ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმა მისი დაკავების მიზნით დევნა ვეღარ გააგრძელეს, რადგანაც ხევში გადახტომას შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციელთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანება. იმავე დღეს დაახლოებით 21:30 საათზე დ.ფ. ნანახი და დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. დაკავებისას მას აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, რომლებიც მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა 2016 წლის 2 დეკემბერს დაცემის შედეგად. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად დ.ფ.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ფ. - ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.