იურისტი იაგო ხვიჩია გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი ელჩის, თათია დოლიძის, საქმეზე საუბრობს. დოლიძეს სოციალურ ქსელში გაუპატიურებით გია კორკოტაშვილი და მისი მეგობრები ემუქრებოდნენ.
„იმ ადამიანებს, რომლებიც კორკოტას და მისი ბილწი მეგობრების ერთმანეთთან მიმოწერას ხსნიდნენ, როგორც მუქარას, მოუწევთ იმის დასაბუთება, რომ ისინი ნამდვილად აპირებდნენ კონკრეტული ადამიანის გაუპატიურებას,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადებები დანაშაულის ჩადენის მცდელობას არ შეიცავდა.
„მე როცა წავიკითხე დოკუმენტი და მგონი, საბოლოო ჯამში, ყველა გადმოვიდა ჩემს აზრზე, პროკურატურაც გადმოვა ჩემს აზრზე, აღმოაჩენენ, რომ ეს იყო ბილწი ადამიანების ძალიან ცუდი და უზრდელური საუბარი ადამიანზე, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენის მცდელობასთან ან განზრახვასთან,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ტელევიზიებმა ქართული მარშის ლიდერების მოწვევა მათი მცდარი აზრის დემონსტრირებისთვის უნდა გამოიყენოს.
„ჩემი აზრით, ტელევიზიის ჟურნალისტიკის მიზანი არის ამ ვიღაცების, ფაშისტების პირობითად, აზრის სიმცდარის დემონსტრირება და ჟურნალისტი უნდა მოემზადოს იმისთვის რომ, თუ ადამიანის აზრი მნიშვნელოვან რაოდენობას ადამიანებისას აინტერესებს, მან უნდა შეძლოს და აჩვენოს, რომ ეს ადამიანები არ არის მართლები. ამას, მაგალითად, დაბლოკვა ან არმოწვევა, ჩემი აზრით, არ უშველის,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.