თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, დღეს გამოაცხადებს. ლელა ქიტესაშვილს მოსამართლის ობიექტურობის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება.
ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. ამ მოთხოვნით მან ცესკოს მიმართა. თუმცა, ის კომისიამ არ დააკმაყოფილა.
„რა ვითარებაში დაიკარგა ეს 6 ბიულეტენი. მე არ ვდაობ, რომ მაინცდამაინც ქიტესაშვილის მხარდამჭერი იყო ეს ბიულეტენი, მაგრამ ფაქტია, რომ მე ვალდებული ვარ, ყველა მოქალაქის და იმ 6 ადამიანის ხმაც დავიცვა,“ - აცხადებს ქიტესაშვილი.
რატომ უნდა დაკმაყოფილდეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის მოთხოვნა, გაუგებარია თამაზ მეჭიაურისთვის.
„ეს არის ის ბიულეტენები, რომლებიც მათ კარუსელებისთვის გაჰქონდათ. აბსურდის თეატრში ვართ მისული ახლა უკვე, მეტი არაფერი. არც მოსამართლეები არიან კამიკაძეები, რა ვალი აქვთ ამისი ისეთი, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც თავდაყირა დააყენებს მართლმსაჯულებას,“ - აცხადებს თამაზ მეჭიაური.