თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობენ ამ წუთებში უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მხრიდან ყურადღება რამდენიმე ფაქტზე გამახვილდება.
მათ შორის არის თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენები და ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალები, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბების პროცესს ასახავს.
„საუბარი არის თიანეთზე, სადაც ბოლო მომენტში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც იყო არასახელმწიფო კანდიდატი, თუმცა იქ ეჭვები არსებობს, რომ შესაძლოა იქ არჩევნების გაყალბებას ჰქონოდა ადგილი და საინტერესოა ამაზე დაიწყო თუ არა გამოძიება. გარდა ამისა, ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს კონკრეტული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება გარკვეულ უბნებზე არჩევნების გაყალბება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მარნეულში მომხდარ ფაქტზე საუბარს აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. ანრი ოხანაშვილის თქმით, ის შესაბამის უწყებებს იმ ფაქტით დაინტერესებას სთხოვს, რომელიც გაყალბებული ბეიჯით კონკრეტული პირის საარჩევნო უბანზე გადაადგილებას ეხება.
„მარნეულის შემთხვევაში იყო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი პიროვნება გაყალბებული ბეიჯით გადაადგილდებოდა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, მასმედიითაც უნდა ყოფილიყო ინფორმაცია გავრცელებული, თუმცა მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ უწყებათაშორისი კომისიის წინაშე ამ ფაქტს და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.