არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობდნენ დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. სხდომას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არც ამჯერად დასწრებია. კონკრეტული საკითხები არასამთავრობო სექტორმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დააყენეს.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, ამ დრომდე არ არის გამოძიება დაწყებული თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებსა და „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებულ ვიდეო მასალაზე, რომელიც არჩევნების გაყალბების მცდელობას ასახავს.
„ჩვენ გვაინტერესებდა ორ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის თიანეთის საკითხი, დაწყებულია თუ არა ამაზე გამოძიება თუ არა და „რუსთავი 2“-ის ეთერით გაშვებული ვიდეოების შესახებ იყო თუ არა დაწყებული გამოძიება, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობას აქვს ადგილი. ჩვენ როგორც გავიგეთ, ჯერჯერობით გამოძიება ამ ორ საკითხზე არ არის დაწყებული, თუმცა ჩვენი მივაწოდეთ ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება დაიწყება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებს არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე ანგარიში პროკურატურამ წარუდგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, გაირკვა, რომ უწყებამ ძიება 47 ფაქტზე დაიწყო, თუმცა 9 საქმეზე გამოძიება შეწყდა.
„47 საქმეზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება არჩევნების ჭრილში. აქედან საუბარია 9 საქმეზე, რომელიც შეწყდა და გარკვეული საქმეები არის მიმდინარე. დასახელდა ციფრი, რამდენი პირის მიმართ იქნა ბრალი წაყენებული არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილი კანონდარღვევების გამო,“ - აცხადებს ლელა ტალიური.
მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გაყალბებული ბეიჯით გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა მოითხოვა საპარლამენტო უმრავლესობამ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ფიქსირდებოდა ბეიჯით, რომელიც რეალურად გაცემული იქნა სხვა პირზე. სხვა პირი ფიქსირდებოდა, ვისაც შეეძლო ეტარებინა ეს ბეიჯი, თუმცა აბსოლუტურად სხვა პიროვნება სარგებლობდა და გადაადგილდებოდა საარჩევნო უბანზე, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონდარღვევა,“ - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.