ნიქოზის სკოლის ყოფილი დირექტორი თამაზ მელანაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. მელანაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაემუქრნენ, რომ თუ არ შესარულებდა მათ დავალებებს და არ იმუშავებდა სახელისუფლებო გუნდის სასარგებლოდ, გაათავისუფლებდნენ თანამდებობიდან.
მელანაშვილი ამბობს, რომ მას ჯერ თანამდებობიდან წასვლას, შემდეგ კი პედაგოგების სამსახურიდან გაშვებას და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმებას სთხოვდნენ.
სკოლის დირექტორის განცხადებით, ის თანამდებობიდან 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
„ზეწოლა იყო როგორც ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ მირიანაშვილსგან, ასევე გუბერნიის მხრიდანაც, მეორე დეპუტატიც არის გელა კაპანაძე, რომელიც პარტიული სიით იყო, სისტემატიურად მის განცხადებებში იყო, რომ ვარ ნაციონალი დირექტორი, მიშას დროს დანიშნული, მწარე ოპოზიციონერი,“ - განაცხადა ნიქოზის სკოლის ყოფილმა დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა.
ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმაც.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზეწოლაში პირადად გუბერნატორი დაადანაშაულა.
„ივნისის თვეში უკვე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ჩატარდა საპროტესტო აქცია ნიქოზის სკოლასთან, რომელსაც ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი. შემდგომ გუბერნატორსა და მელანაშვილს შორის შედგა შეხვედრა, სადაც პირდაპირ დაემუქრა, რომ თუ არ გაითვალისწინებდა ყველა იმ დავალებას, რომელიც იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ის აუცილებლად დატოვებდა თანამდებობას. შემდგომ, გუბერნატორი გამოვიდა უკვე სკოლის წინ მიმდინარე აქციაზე და ნიქოზის იქ მყოფ მოსახლეობას, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაჰპირდა, რომ თამაზ მელანაშვილს მოაშორებდა სკოლიდან,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.