მოსამართლეთა კოლეგიამ ოპოზიციას უარი უთხრა თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. სააპელაციო სასამართლოს 1 საათი დასჭირდა ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მოსამართლეებმა გაუმართლებლად მიიჩნიეს დემოკრატიული მოძრაობის კიდევ ერთი მოთხოვნა, თბილისის ყველა უბნის მონაცემების გახსნასა და ხელახლა გადათვლაზე.
გააყალბეს თუ არა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები, ხელისუფლებას თავის მართლება უკვე ევროსასამართლოში მოუწევს. ოპოზიციური პარტიები სარჩელს სტრასბურგში გასაგზავნად ამზადებენ. პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ 21 ოქტომბერს ქართული ოცნების ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია.
ოპოზიციის მოთხოვნა მიუღებელია მმართველი პარტიისთვის.
დღეს ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ 47 საქმეზე გამოძიება დაიწყო, ყველა საარჩევნო პროცესის დროს მომხდარ ინციდენტებს და ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ეხება.
კიდევ ერთი სარჩელი, რაზეც ხვალ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რეგიონებში შემაჯამებელი ოქმების გადახედვაა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს არასაპარლამენტო ოპოზიცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელის მომზადებას.