დღეს გახდება ცნობილი, დაიწყებს თუ არა პარლამენტი ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების საკითხზე მსჯელობას. ადამიანის უფლებათა კომიტეტში „ქალთა მოძრაობის“ მიერ შეტანილი პეტიციის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ.
საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ორი კვირის წინ "ქალთა მოძრაობის" დამფუძნებელმა 1000 ხელმოწერა შეიტანა. მათი მოთხოვნაა, კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება და ქალების მიმართ სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდეს.
„პირველ რიგში, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, საერთოდ არის თუ არა მიზანშეწონილი ამ პეტიციის განხილვა. რა თქმა უნდა, ეს უმრავლესობის გადასაწყვეტია, მაგრამ მე ვთვლი, რომ არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ეს საკითხი უნდა იქნას განხილული,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.
რეგულაციების აუცილებლობაზე საპარლამენტო ოპოზიციაშიც საუბრობენ.
„სერიოზული პრობლემაა საქართველოს რეალობაში და იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოიყენებს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ძალმომრეობით შეცვალონ კონსტიტუცია და ერთპარტიულად მიიღონ კანონები, არამედ ასევე გაატარებს ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი თინათინ ბოკუჩავა.