საპენსიო რეფორმა პარლამენტში წარდგენამდე უკვე გახდა სერიოზული დისკუსიის თემა. ექსპერტები იმ რისკებზე საუბრობენ, რომელსაც მთავრობის ინიციატივა მოიცავს.
30-წლიანი დაგროვების შემდეგ, პირს, რომელსაც 1000 ლარი აქვს ხელფასი, პენსია, სავარაუდოდ, 500 ლარი ექნება.
დაგროვებითი პენსიის რეფორმა სპეციალისტებისთვის მისაღებია, თუმცა თვლიან, რომ რისკებს შეიცავს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რა ბედი ელის საპენსიო ფონდში შესულ თანხას.
რეფორმის მიხედვით, ამ ფულს სპეციალური საბჭო ინვესტიციებში დააბანდებს. საბჭოს ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებისგან დაკომპლექტებული კომისია არჩევს.
დღეს რეფორმის დეტალებს მთავრობა კერძო სექტორის წარმომადგენლებს აცნობდა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული თანხის სწორ განაწილებაზე მყარი გარანტები არ არსებობს. ამისთვის კი უფრო წარმატებულ ქვეყნებში ჩავარდნილი რეფორმისა და დაკარგული თანხის მაგალითები აქვთ.
საპენსიო რეფორმის მიხედვით, 40 წლამდე საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქე, ანუ დაახლოებით 500 000 ადამიანი, სახელმწიფო საპენსიო ფონდში საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს ჩარიცხავს, დამატებით 2%-ს მის ანგარიშზე დამსაქმებელი დადებს, კიდევ 2%-ს კი სახელმწიფო.
დამტკიცების შემთხვევაში, რეფორმა ძალაში 2018 წლის ბოლოდან შევა.