უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა ერთი საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება. უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამისი საბუთიც გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაცია მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიღების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში შეკრებილ აქტივისტებს შეუერთდა. უკრაინის რადასთან შეკრებილ მომიტინგეებს მან ახალი სამოქმედო გეგმა გააცნო.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს.
აქციის პარალელურად, რადაში კენჭისყრა გაიმართა და დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკრაინის ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღეს, რაც აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
პირველი გამარჯვების მიუხედავად, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთი კანონის მიღება საკმარისი არ არის. ისინი რადას დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტის შეტანასაც მოითხოვენ.
ორკვირიანი პაუზის შემდეგ რადას შენობასთან კვლავ ეროვნული გვარდიისა და პოლიციის ქვედანაყოფები გამოჩნდნენ.