„ეს ემსახურება ერთადერთ ფუნქციას, რომ დააშინონ არა მხოლოდ ენმ, არამედ რომ დააშინონ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება ივანიშვილის რეჟიმს,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინა ბოკუჩავა, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას.
მისი თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
„ეს საქმე ჩვენ გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერ სხვას მიაცემინოს ჩვენება ზეწოლის ქვეშ. პროკურატურამ დაიბაროს ადამიანი და დაემუქროს მას სიცოცხლის მოსპობით,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დაკავებები ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, გოგა ონიანის არჩევნების შემდეგ დაკავება ივანიშვილს დასავლური პარტნიორების აზრის გამო მოუწია.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი თამაშობს რუსული წესებით, მას უწევს მართოს ქვეყანა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი მეგობრების აზრი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება, მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.