შვედეთის საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართა. შეხვედრაზე საარჩევნო საკითხებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შეხვედრაზე მათი პოლიტსაბჭოს წევრის, გოგა ონიანის დაკავების საკითხიც დააყენეს. მათ შვედ კოლეგებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ვისაუბრეთ იმ გარემოზე, რომელშიც ჩატარდა ეს არჩევნები და მათშორის ვისაუბრეთ იმაზე, რომ არჩევნების დასრულებისთანავე მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის დაპატიმრება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით კი საუბარი შეეხო როგორც შიდა პრობლემებს, ასევე იმ მძიმე პოლიტიკურ ტერორს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი.
„გუშინდელი ახალი პოლიტპატიმრის გაჩენა გოგა ონიანის იყო ერთ-ერთი საკითხი მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენ გავარჩიეთ. ეს არის გამოწვევა არამარტო კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის ანუ ოპოზიციისთვის, არამედ ეს არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაერკვევიან დეტალებში.
მოგვიანებით შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიაწოდეს ინფორმაცია და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება გააცნეს.