რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებში ამერიკელმა კონგრესმენებმა გავლენიანი ექსპერტებისგან რეკომენდაციები მიიღეს. დებატები წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა. სპეციალისტები კონგრესმენებს უხსნიდნენ, თუ რატომ იქნება საფრთხის შემცველი რუსეთთან კონტრტერორისტულ სფეროში თანამშრომლობა.
ამერიკელმა სპეციალისტებმა კონგრესმენებს განუმარტეს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ბარაკ ობამას მიერ გადატვირთვის პოლიტიკის დაწყება შეცდომა იყო.
კონგრესმენები დაინტერესდნენ საქართველოში და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, რა რისკებს უნდა ელოდოს დასავლეთი მოსკოვისგან და რომელ ქვეყანას შეიძლება დაემუქროს რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხე.
სპეციალისტების ნაწილი რისკებს აღმოსავლეთ ევროპაში ხედავს, ნაწილი - ისევ საქართველოში.
„რუსეთს საქართველოსა და უკრაინაში საქმე ჯერ არ დაუმთავრებია. 2008 წელს საქართველოში შეჭრის მიზანი არ იყო მხოლოდ ტერიტორიის 2 ნაწილის მიტაცება. მათ ეს გააკეთეს, თუმცა რეჟიმი ვერ შეცვალეს. სერგეი ლავროვმა კონდოლიზა რაისს ტელეფონით საუბრის დროსაც უთხრა, რომ სურდა სააკაშვილი წასულიყო. იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების მიერ დატოვებული ვაკუუმია, ბოლო წლებია, რუსები ყოფილ საბჭოთა სივრცეს დიდ ყურადღებას ვერ აქცევენ.
"მე არ გამიკვირდება, თუ რუსები სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდებიან და კიდევ ერთხელ ამოიღებენ მიზანში საქართველოს ან როგორც 2016 წლის აპრილის მაგალითზე ვნახეთ, ხელს შეუწყობენ ომის განახლებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის,“ - განაცხადა უსაფრთხოების და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, სვანტე კორნელმა.
სპეციალისტებმა კონგრესს ურჩიეს, არ განიხილონ მოსკოვი, როგორც ეფექტური პარტნიორი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ნებისმიერი ნაბიჯი, ამ სფეროში თანამშრომლობისთვის იყოს კარგად გაზომილი და სკეპტიციზმით განხილული.