საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს მომავალი სამიტების მზადების, ასევე, პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხედავთ თქვენ ნატოში საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის აქტიურ როლს და როგორ ხედავთ ნატოს პერსპექტივას და განვითარებას ჩვენს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელსაც თქვენ ეკონომიკური ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხედავთ, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და პოლონეთის პოზიციაზე გააკეთა აქცენტი. ანდჟეი დუდა მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გაფართოება უნდა გააგრძელოს და მისი კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, თბილისში პირადად მოიწვია.
გიორგი მარგველაშვილს პოლონეთში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქვეყნის პრემიერმინისტრსა და პოლონეთის სეიმის წევრებთან, ასევე ის მონაწილობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.