საქართველოს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორც ვლადიმერ პუტინია- ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გერმანული ტელეკომპანია "Deutsche Welle"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერს შეკითხვები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, არჩევნებზე და მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მმართველობაზე ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ დაუსვა.
ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილი იმპულსურ ადამიანად, ვლადიმერ პუტინი კი სერიოზულ ლიდერად მოიხსენია.
მან ახსენა ბიძინა ივანიშვილიც და განაცხადა, რომ ძალაუფლება მის ხელშია, ამიტომ ქვეყანაში დემოკრატია დღესაც არ არის.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან მას ხალხი ნამდვილად უჭერს მხარს. რა არჩევნებიც უნდა გაიმართოს, დარწმუნებული ვარ მხარს დაუჭერენ. ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთისთვის კარგი იქნება, თუ პუტინი არჩევნებს მოიგებს, რადგან ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, ფეხზე დააყენა. შეხედეთ, როგორი იყო რუსეთი 10-15 წლის წინ და როგორია დღეს. გულახდილად გეტყვით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის. ქართველ ხალხს სჭირდება ეფექტური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ნორმალურად გაუძღვება და დაიცავს მის ინტერესებს. არ ვამბობ, რომ პუტინი იდეალური ადამიანია ან იდეალური პრეზიდენტი. ასეთები არ არსებობენ. ვამბობ იმას, რომ გვჭირდება ეფექტური პრეზიდენტი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.