ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მერიაშია უნდა დაინგრეს - ეს განცხადება, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
კახი კალაძის თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
შეხვედრაზე შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების დაცვის საკითხებზეც იმსჯელეს. კახი კალაძის განცხადებით, მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და არ უნდა დაამახინჯოს ქალაქის იერსახე.
„გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში, 41-ე დადგენილებაში. ვამკაცრებთ გარკვეული მიმართულებით, რადგან ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ე.წ. ხრუშოვკებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„ეს შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს კონკრეტული პროექტებით გაჩვენებთ,” - განაცხადა კალაძემ.
დეველოპერებთან შეხვედრას ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა. გიორგი გახარიას განმარტებით, ცვლილებები მშენებლებს და დეველოპერებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას გაუმარტივებს.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი კი აცხადებს, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს გასაგები. მისი თქმით, მოთხოვნები უნდა იყოს ადეკვატური და სამართლიანი.