პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში. გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა, ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობს, ააშენოს უფრო დაცული და უსაფრთხო ევროპა.
საქართველოს შეაქვს პოზიტიური წვლილი ევროპის და მსოფლიოს სტაბილურობის გაძლიერებაში და ევროკავშირსაც და ნატოსაც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც იცავენ მსოფლიო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა.
"ვცდილობდი ვყოფილიყავი ძალიან დიპლომატიური, მეუბნებიან, რომ ასე მომეთხოვება. ჩემი აზრით, უნდა გაახილო თვალები, აღიარო რუსეთი და იყო გულწრფელი რუსეთის და საკუთარი თავის წინაშე. 2014 წელს დაწყებული უკრაინის ჰიბრიდული ომი ახალია? არა, ეს არის შემთხვევა, რომელიც დაიწყო 90-იანებში როდესაც რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევა გახდა საქართველოს ორი ტერიტორიის გასხვისების და ოკუპაციის ფაქტორი. ხშირად მესმის განცხადებები, რომ ეს მოხდა 2008 წელს. არა იმ ორი რეგიონის ოკუპაცია, რომლებიც ახლაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ მოხდა 90-იანების დასაწყისში და ამის მიზეზი ნათელი იყო, საქართველომ გადაწყვიტა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი და ჰქონოდა საკუთარი არჩევანის უფლება და ის იქნა დასჯილი ჰიბრიდული ომით.
"მივიჩნიეთ ეს, როგორც ჰიბრიდული ომი იმ დროს? არა, ჩვენ დავივიწყეთ ის შემდგომი 20 წლის განმავლობაში და შემდეგ მივიღეთ უკრაინა. კიდევ ერთხელ, უკრაინის 2014 წლის შემთხვევა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩართულობა ყირიმში, ეს 2014 წელს მოხდა? არა, ეს მოხდა 2008 წელს საქართველოში და 2008 წელს იყო შემთხვევა, როდესაც მეზობელმა ბირთვულმა სახელმწიფომ შეცვალა მეზობელი ქვეყნის საზღვრები. ეს იყო ფაქტი, რომელიც მიმაჩნია, რომ არ იყო ადეკვატურად აღქმული. ამაზე ტაში არავის დაუკრავს, მაგრამ განა ეს იყო საკმარისი რეაქცია, საკმარისი ყურადღება, რათა არ მიგვეღო უკრაინის შემთხვევა და სხვა შედეგები," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.