ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება. სერგეენკოს თქმით, არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური გეგმები და აღნიშნულის შესახებ მედიისგან შეიტყო.
„განიხილებით კანდიდატად - თქვენგან მესმის, სიმართლე რომ გითხრათ, პირველად. მე ნამდვილად არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
კულუარებში პრეზიდენტობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი სახელდება. მათ შორის, მთავრობის ორი მოქმედი წევრია - ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანდიდატზე შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. მათი აზრით, ქვეყნის მომავალი პირველი პირი გაწონასწორებული, პატრიოტი და საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება უნდა იყოს.