სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლის დანიშვნას დათანხმდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნინო გვენეტაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
კოლეგებთან დაპირისპირების შემდეგ, ნინო გვენეტაძეს დღეს უკვე იმის მტკიცებაც მოუწია, რომ თანამდებობას არ ტოვებს.
მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძემ პროცესის გაჭიანურება და ხელმოწერის დაგვიანება, იმ ბუნდოვანი საკანონმდებლო ჩანაწერით ახსნა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ გამწესებას უკავშირდება.
ნინო გვენეტაძეს მომხდარის შესახებ საჯარო განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საეჭვოა, თუკი პრობლემა მხოლოდ კანონის ბუნდოვან ჩანაწერს უკავშირდებოდა, რატომ არ უპასუხა კოლეგების პრეტენზიებს ნინო გვენეტაძემ საბჭოს იმ სხდომაზე, რომელზეც კოლეგებს მწვავედ დაუპირისპირდა.
ნინო გვენეტაძის ხელმოწერის შემდეგ, უვადოდ უკვე ოფიციალურად დაინიშნა სხვადასხვა სასამართლოს 34 მოსამართლე.