არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე 14 საათზე ნაკლები რჩება და კონკურენტებს შორის ურთიერთბრალდებები მწვავდება. ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის, შტაბის წარმომადგენლები სახელისუფლებო პარტიიდან კონკურენტებს არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებენ.
შარაშენიძის შტაბში ამბობენ, რომ ბეგლარ სიორიძე ხვალ ადმინისტრაციული და პირადი რესურსის გამოყენებას, ასევე კონკურენტის მომხრეების დაშინებას და შანტაჟს გეგმავს.
კოტე შარაშენიძის თქმით, მათ დოკუმენტურად დადასტურებული აქვთ, თუ რა სქემით აპირებენ არჩევნების მეორე ტურის გაყალბებას.
შარაშენიძის შტაბის წარმომადგენლების თქმით, ოზურგეთში მობილიზებული არიან სპეციალური ჯგუფები, სპორტსმენები. ისინი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, პროცესში ჩართვას ამერიკის ელჩს სთხოვენ.
„ოზურგეთში, მეორე ტურში თალაკვაძის რენომის გადასარჩენად, რადგან იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მიმართავენ ყველა მეთოდს. ჩამოიყვანეს სპეციალური ჯგუფები, „შკოდებით“, „ტოიოტებით“, სხვადასხვა სპორტსმენი. რა უნდათ, კორცხელის განმეორება, თუ უარესი? მივმართავ ამერიკის ელჩს და ვთხოვ, რომ ჩაერთოს და გონს მოიყვანეს ხელისუფლება,“ - განაცხადა შოთა გოგიბერიძემ.
ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგეგმილია ჩხუბი და პროვოცირება, რათა იმ უბნებზე, სადაც შარაშენიძე გაიმარჯვებს, არჩევნები ჩაიშალოს.
„დარიგდეს უნდა წამალი, ნარკოტიკზეა საუბარი. საუბარია, რომ დაირეკა მოსკოვიდან, სხვადასხვა ქალაქიდან ქურდული სამყაროს მიერ, რომ ქუჩა იმართება ილა კეჭაყმაძის მეშვეობით, რომ შეგნებულად საარჩევნო უბნებზე უნდა მოხდეს პროვოცირება და ჩხუბი იმ უბნებზე, სადაც კოტე შარაშენიძე იმარჯვებს, არჩევნები ჩაიშალოს,“ - განაცხადა მერაბ შათირიშვილმა.