„რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ შტაბში დასხდნენ, საკუთარ კომპიუტერში 13 ტყუილი ჩამოწერეს და ბოლო სამი დღის განმავლობაში სწორედ ამ ტყუილების პროპაგანდას, გახმოვანებას ეწევიან,“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის 53-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის, შტაბის წარმომადგენლების ბრალდებებს.
ისინი სახელისუფლებო პარტიიდან კონკურენტებს არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებენ.
თალაკვაძის თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით დგინდება, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.
„საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ჩანს, რომ ჩვენ მეორე ტურს დამაჯერებლად მოვიგებთ. სავარაუდოდ, ეს იციან ჩვენმა ოპონენტებმა მოწინააღმდეგის შტაბში,“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.