იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებსა და დაპირისპირებაზე საუბრობს.
ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეების უვადოდ არჩევის შემდეგ ნინო გვენეტაძემ სამი კვირის განმავლობაში ხელი არ მოაწერა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ კანონში ხელის მოწერისთვის განსაზღვრული ვადა არ არსებობს.
„მე ვისურვებდი, რომ, თუკი ის ხელს არ აწერდა ამ ხნის განმავლობაში, თავიდანვე განემარტა ის მიზეზები, რაზეც მან მოგვიანებით ისაუბრა და ეს აჟიოტაჟი არ იქნებოდა შექმნილი ასე ხელოვნურად,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს წევრმა მოსამართლეებმა ნინო გვენეტაძის მისამართით აგრესია გამოავლინეს მას შემდეგ, რაც გვენეტაძემ მოსამართლეების დანიშვნის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
„საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში საბჭოს 9 წევრი მოსამართლე ინტენსიურად, ერთმანეთის მონაცვლეობით უტევდა, აგრესიას ავლენდა ნინო გვენეტაძის მისამართით. ეს არ იყო მხოლოდ შეკითხვა, მათ ეს საკითხი დღის წესრიგში არ ჰქონდათ შეტანილი,“ - აცხადებს ჯანეზაშვილი.
მან აღნიშნა, რომ უვადოდ დანიშნული 34 მოსამართლიდან რამდენიმე, მათი წარსული საქმიანობის გამო, უარყოფითად შეაფასა.
"თითქმის ყველა სხდომაზე ხდება ხოლმე ისეთი ფაქტები, როდესაც ისინი ავლენენ აგრესიას ჩემი მისამართით. თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მათთვის მიუღებელია განსახვავებული აზრი," - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრისას გარკვეულ საფრთხეებზეც ისაუბრა.
„სასამართლო სისტემა ხდება ჩაკეტილი ორგანო. ამის მიზეზები არის ბევრი და სასამართლო სისტემა, რომ გახდება ჩაკეტილი ორგანო, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენთვის, ნებისმიერ ჩვენი მოქალაქისთვის, ვინაიდან ის არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო და ის არ უნდა იყოს ასეთი ტიპის ჩაკეტილი ორგანო,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.