დღეს არჩევნების მეორე ტურია - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერს ირჩევენ. არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, რომელთაგანაც 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
ქუთაისსა და მარტვილში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურზე უარი თქვა, შესაბამისად, აქ "ქართული ოცნების" კანდიდატები უპირობო ლიდერები არიან, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული პარტიის კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც ფიქსირდებიან.
საარჩევნო პროცესი 300-ზე მეტ უბანზე უკვე ორი საათია რაც მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგიც გაიმართა.
„12 ნოემბრის არჩევნებში, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობას იღებს 6 საარჩევნო სუბიექტი, მათგან 2 არის წარდგენილი საინიციატივო ჯგუფის მიერ. დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი დახვდებათ - მერის არჩევნებისათვის. საჭიროებისას, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო-ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. 12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 2 ათას 143 წარმომადგენელია, ასევე დაკვირვების უფლების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 18 ათას 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების 654 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედიაორგანიზაციებს, 4 ათას 688 წარმომადგენელი,“ - განმარტა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.