ბორჯომში 30 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც კენჭისყრის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ადგილზე მერობაზე პრეტენზიას „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე აცხადებენ. პირველ ტურში მოწინააღმდეგეებმა თითქმის იდენტური რაოდენობის ხმები დააგროვეს.
ბორჯომში, საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსახლეობის აქტივობა 6%-ს შეადგენს. განახლებული მონაცემები კი ერთ საათში გახდება ცნობილი.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ბორჯომის მერობის კანდიდატმა. ზაზა ჩაჩანიძე არჩევნებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვან დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მისი განცხადებით, საარჩევნო უბნების წინ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მობილიზება შეიმჩნევა.
„მოლოდინი მაქვს, რომ გავიმარჯვებ აუცილებლად. ხმა მივეცი იმას, რომ არ იყოს ბორჯომში ძალადობა და ხვალიდან დაიწყოს აღმშენებლობა და დაისვენოს ხალხმა იმ ძალადობისგან და უტიფარი ქცევისგან, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება. ყველგან უბანზე არიან მობილიზებული ეს მანქანები, ყველგან არიან მობილიზებული, მით უმეტს სოფლებში. ძალოვნები რომ არიან აშკარად ეტყობათ,"-განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ განმარტება გააკეთა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. როგორ ლევან დევიძე ამბობს, ძირითად შეინიშნება პროცედურული დარღვევები.
„10:00 საათის მონაცემებით, 30-ვე საარჩევნო უბანზე სულ გამოცხადდა ათას 722 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 6.5%-ია,“ - აღნიშნა ლევან დევიძემ.