დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკასა და არგუმენტებს ითხოვენ მესამე სექტორში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“, პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
„ფაქტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება დასაბუთება, იცოდეს საზოგადოებამ, რა მოტივაციით, რა მიზნებით და ამოცანებით დაიგეგმება ეს ცვლილებები და თითოეულ ცვლილებას მოჰყვეს არგუმენტები ხელისუფლების მხრიდან, რომ საზოგადოების მხრიდან გასაგები და გამჭვირვალე იყოს ის მოტივაცია, რომლითაც მოქმედებს,“ - აცხადება ანა ნაცვლიშვილი.
სამოქალაქო სექტორში სამინისტროების რიცხვის შემცირებას მიესალმებიან.
„სამინისტროების ოპტიმიზაცია და მათი რაოდენობის შემცირება ცუდი შეიძლება არ იყოს და შესაძლოა, ალბათ, გარკვეული ოპტიმიზაცია იყოს კიდეც პოზიტიური. მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მოხდება თუ არა კარგად გააზრებულად და არის თუ არა ეს პროცესი კარგად დაგეგმილი,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.