სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ დეტალები ცნობილია. საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა გამართა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 27.11.2016 წელს დაინიშნა. მანამდე ის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილმა ნოდარ ხადური შეცვალა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე 2015 წელს იკავებდა ვიცე მერის პოსტს.