დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ოპტიმიზაციის მიზეზები განმარტა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებები კიდევ უფრო კარგად პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მიმართულია ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას.
"ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოპტიმიზაციის მიხედვით, იცვლება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა და უქმდება 4 სამინისტრო. თუკი აქამდე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 18 მინისტრის პორტფელი იყო, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, 4 სამინისტრო გაუქმდება და დარჩება სულ 14 სამინისტრო.