20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
გადამწყვეტი 79 ხმა - ოზურგეთის მერის არჩევნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო

ოზურგეთში მერის არჩევნებზე გადამწყვეტი 79 ამომრჩევლის ხმა აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი დაძაბულად მიმდინარეობდა. დღის ბოლოს „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და დამოუკიდებელ კანდიდატს ხმების მეტ-ნაკლებად თანაბარი ოდენობა ჰქონდათ, გადამწყვეტი კი, სწორედ ნასაკარილაში საარჩევნო უბანი აღმოჩნდა, სადაც ხმაური გვიან ღამემდე გაგრძელდა.

უბნების დახურვიდან მალევე, თითქმის ყველა ბიულეტენი დათვლილი იყო, დაბა ნასაკირალის საარჩევნო უბნის გარდა. სწორედ ამიტომ, საკუთარი ხმების დასაცავად დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლების ნაწილი საოლქო კომისიასთან შეიკრიბა, ნაწილიც ნასაკირალის 59-ე უბანზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სადაო ბიულეტენების გაბათილებას მოითხოვდა, საბოლოო საჩივარი დაიწერა და ბიულეტენები არ გააბათილეს.

ინციდენტი საარჩევნო უბნის გარდა, ოზურგეთის საოლქო კომისიასთანაც მოხდა, გვიან ღამით, როდესაც საკუთარი ხმების დასაცავად დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრეები შეიკრიბნენ, ადგილზე მომღერალი ნინი ქარსელაძე მივიდა, რომელსაც ავტომობილზე "ქართული ოცნების" დროშები ჰქონდა დამაგრებული. ამ ფაქტს კოტე შარაშენიძის მომხრეების გაღიზიანება მოყვა.

საოლქო კომისიასთან გვიან ღამემდე პოლიციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

შედეგების დათვლის პარალელურად, გამარჯვებას ულოცავდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენელს ბეგლარ სიორიძესაც, თუმცა ნასაკირალის უბნის შედეგებმა ყველაფერი შეცვალა და სიორიძემ მერის თანამდებობის დაკავება მეორე ვადით ვერ შეძლო.

წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში მერის არჩევნები 79 ხმით დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო.  



დღის ამბები