20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"მოძალადე ნაცარქექია," "მაიმუნი აბიტურიენტები..."- რითი დაამახსოვრეს საზოგადობას თავი მინისტრებმა, რომლებმაც დღეს პოსტები დატოვეს

5 მინისტრიდან, რომლებიც დღეს თანამდებობებიდან გაუშვეს, გიორგი მღებრიშვილი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სწორედ მასთან ჰქონდათ ყველაზე ბევრი კითხვა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ოპოზიციას. შეკითხვები კი პოლიციელების სპეცოპერაციებისას გარდაცვლილ მოქალაქეებს, ნარკოდანაშაულის ბრალდებებით დაპატიმრებულ და შემდეგ გამართლებულ ახალგაზრდებს, პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანილ მოქალაქეებს, თბილისის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტებს ეხებოდა.

დასამახსოვრებელი იყო მთავრობის სხვა წევრების საქმიანობაც. მათ შორის იყო ალექსანდრე ჯეჯელავა, რომლის გამონათქვამები ხშირად ხდებოდა საზოგადოებაში სიცილის და კრიტიკის მიზეზი. ყველაფერი ზღაპრის გმირების კრიტიკით დაიწყო, განათლების მინისტრმა ჯერ კომბლებში ძალადობის ნიშნებზე ისაუბრა, შემდეგ კი ნაცარქექიას რწყილის და ჭიანჭველას ახალი თანამედროვე გმირების შექმნის აუცილებლობაზე, ბოლოს მინისტრი აბიტურიენტების მაიმუნებთან შედარების გამო გააკრიტიკეს.

ასევე ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომლისგანაც პრაქტიკულად მთელი მთავრობა ავტომობილებს ყიდულობდა.

განმარტებებს თითქმის ყოველთვის თავს არიდებდა იმ უწყების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, სადაც დღემდე მინისტრთა კაბინეტიდან გაშვებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ასაქმებენ. მინდია ჯანელიძე, რომელმაც თავდაცვის მინისტრობიდან კრიზისების მართვის საბჭოში 2 წლის წინ გადაინაცვლა, საზოგადოებას თავი შექმნილ კრიზისებისა და სტიქიების დროს დაგვიანებული რეაქციით დაამახსოვრა.

მინისტრის პოსტის გარეშე დარჩა, ოპოზიციიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსული ვიქტორ დოლიძე. დოლიძე მთავრობაში მას შემდეგ დაბრუნდა რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავისუფალმა დემოკრატები ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტს გარეთ დარჩნენ. მინისტრის პოსტზე დოლიძემ თითქმის 1 წელი იმუშავა.

 

დღის ამბები