20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არჩევნების შედეგი, ფინანსები - ენმ-ის პოლიტიკური საბჭო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პირველად შეიკრიბა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო პირველად შეიკრიბა. ოპოზიციის წევრები დახურულ შეხვედრაზე არჩევნების შედეგებს განიხილავდნენ. ასევე, პარტიული სტრუქტურის განახლებას. გარდა ამისა, საუბრის თემებს შორის იყო ფინანსებიც.

„დღევანდელი პოლიტსაბჭო შეიკრიბა იმისთვის, რომ გვესაუბრა განვლილ არჩევნებზე, რომელსაც რთულია ზოგადად დავარქვათ არჩევნები. ეს იყო "ქართულ ოცნების" მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, განვიხილეთ არჩევნების აბსოლუტურად ყველა ასპექტი, მათ შორის ფინანსური ასპექტი და დავსახეთ სამომავლო გეგმები,“ - განმარტა თინა ბოკუჩავამ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ საუბრობს.

„აქ იყო მსჯელობა, მათ შორის განსხვავებული პოზიციები ბუნებრივია. ჩვეულებრივი მსჯელობა, იმაზე თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, რა საჭიროებებია მომავალი არჩევნებისათვის,“ - ამბობს აკაკი მინაშვილი.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შეხვედრები მომდევნო დღეებში გაგრძელდება, სადაც არჩევნების შედეგებს განიხილავენ.

„მსჯელობა იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ახალი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით და უკვე პარტიული ახალი სტრუქტურის მოწყობის თაობაზე,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები