თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაიწყო. დეპუტატები დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს დაამტკიცეს. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა.
ჟვანია საკრებულოს წევრებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აცნობს.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა, პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.
თბილისის საკრებულოში 11 კომისია არსებობს, თუმცა დეპუტატების განცხადებით, დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია და მოხდება რამდენიმე კომისიის შერწყმა, ნაწილის კი, ცალკე კომისიად გამოყოფა.
იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიული კომისიების გაერთიანება. ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.
თბილისის საკრებულოში 40 მანდატი მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, 5 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, სამი „ევროპულ საქართველოს“, ორი კი „პატრიოტთა ალიანსს“.