დედაქალაქის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. 40 ხმით ერთის წინააღმდეგ, საკრებულოს წევრებმა გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა დაამტკიცეს. პირველ სხდომაზე კენჭი უყარეს ასევე მოადგილეების კანდიდატურებსაც.
კენჭისყრის პროცედურას წინ უძღოდა საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი პოლიტიკური განცხადებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მმართველ გუნდს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნების“ სპეცოპერაცია უწოდა.
„2017 წლის 21 ოქტომბერს ფაქტობრივად ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად ”არჩევნები”. თქვენ აქ ზიხართ მესაფლავეების, კონდუქტორების, „თბილსერვისჯგუფის“ ბრიგადების, საჯარო მოხელეების ძალდატანებითი ჩართულობით, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ და ამის მადოკუმენტირებელი მასალები არსებობს და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგიფიქსირებთ იმ პოზიციას, რომელიც მაქვს მე და ჩემს მეგობრებს, რომ ჩვენ მზად ვართ თბილისელების საკეთილდღეოდ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, ვიქნებით შეურიგებელი,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან ჯაფარიძემ უპასუხა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თუ აირჩიეს მესაფლავეებმა, იყო დრო როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „მკვდარი სულები ირჩევდნენ“.
„დიახ ჩვენ მემანქანეებმა აგვირჩია, ჩვენ მეეზოვეებმა აგვირჩიეს, ჩვენ მესაფლავეებმა აგვირჩიეს, უბრალოდ იყო დრო, როდესაც მკვდარი სულები გირჩევდნენ არარსებულ ადამიანები გირჩევდნენ. ამიტომ, ამ თემებზე ძალიან გთხოვთ დღეს ნუ ვისაუბრებთ. მითუმეტეს პირველი სხდომაა, და საზეიმო სხდომაა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა. გაბაშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიზანი არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს თბილისელების ინტერესები.
„ჩვენი უპირველესი ვალი არის ვიზრუნოთ თბილისელებზე, ვიზრუნოთ თბილისელების ინტერესებზე. გარდა იმისა, რომ წარმოვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს, გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა და მოსაზრებები, ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენთგანს გვახსოვდეს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ თბილისის ყველა მოქალაქეს,“ - მიმართა დეპუტატებს გოკა გაბაშვილმა.