20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ოპოზიცია ლარის გაუფასურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს - მმართველი გუნდი განმარტებებს ეროვნულ ბანკს სთხოვს

„როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება ყოველთვის. არა მარტო იმიტომ, რომ ის სფეროა, რომელსაც ის კურირებს, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომელთანაც მას აქვს წვდომა,“ - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებების შეფასებისას გააკეთა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს ყიდვა ხვალ 3.1437 ლარად იქნება შესაძლებელი.

მმართელ გუნდში განმარტავენ, რომ ლარის მცურავი კურსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი ხდება და აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ფაქტორების არსებობასთან დაკავშირებით, განცხადება ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების დროს, მთავრობა უმოქმედოა.

„ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამძიმებს სოციალურ ფონს მთელ ქვეყანაში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა, სამწუხაროდ, ლარს ნამდვილად არ აქვს,“ - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების „უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური“ პოლიტიკის შედეგია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები