საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგოტ ვალსტრომთან და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შეხვედრას და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს უდიდესი დატვირთვა აქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შვედეთი და პოლონეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით.
„განხილულ იქნა ის კონკრეტული საკითხები, რის მიღწევაც სურს საქართველოს მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც იდგმება ევროინტეგრაციის მიმართულებით და იმას, თუ როგორია მოლოდინები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაში ამ სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა ევროინტეგრაციული პროცესის გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაღლდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.