პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. სიახლის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“. სახელფასო დანამატი კი წლიური ხელფასის მაქსიმუმ 10 % -ით განისაზღვრება.
„პრემიის განსაზღვრის დროს შესაძლებელი იყო მისი ყოველთვიური ან სამ თვეში ერთხელ გაცემა, ხოლო ჯილდოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მოხდეს მხოლოდ და ისიც მთლიანი სარგოს 30%-ის ოდენობით,“-განმარტავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციაში მმართველ გუნდს მოჩვენებითი ცვლილებების განხორციელებაში ადანაშაულებენ.
„ეჭვი მეპარება, რომ მაღალ თანამდებობების პირებმა რაიმე სახით მაინც მოიკლონ ის ფუფუნება, რა ფუფუნებაშიც განვლილი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ჯილდოს დაარქმევენ ამას დანამატს თუ პრემიას, სახელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.
ცვლილებას მოსახლეობის მოტყუების მცდელობას უწოდებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
„პრემიებს ირიგებენ და დანამატებს ირიგებენ, მაშინ როდესაც სოციალური ხარჯები და პენსიები არ იმატებს და მოიგონეს ასეთი უცნაური გზა, რომ პრემიას ჯილდო დაარქვას და ამით თვალებში ნაცარი შეაყაროს საზოგადოებას,“-განაცხადა სერგო რატიანმა.