20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სიცოცხლით სავსე ქალაქი, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება - დედაქალაქის რაიონების გამგებლები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა. დედაქალაქის გამგებლებიდან თანამდებობა ხუთმა მათგანმა შეინარჩუნა. 

ის გამგებლები, რომლებიც დავით ნარმანიას მერობის დროს მუშაობდნენ თანამდებობებზე და ახლაც ინარჩუნებენ პოსტებს და ამბობენ, რომ  კახა კალაძემ ჯერ შეისწავლა გამგებლების სამწლიანი საქმიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება თუ ვინ შეინარჩუნებდა თანამდებობებს.  

თანამდებობაზე მხოლოდ ზურაბ ჩიკვილაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა მიქაუტაძე, ნოდარ ტურძელაძე და ირაკლი ხელაძე რჩებიან.  

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა კახიმ გამომიცხადა ნდობა და შესაბამისად მაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოვუარო ჩემს რაიონში არსებულ პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დავასრულო დაწყებული პროექტები, ის ახალი გეგმები, რომელიც გეგმაში გვაქვს,“-განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

თანამდებობა შეინარჩუნა დიდუბის რაიონის გამგებელმაც. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, დადებითი იყო დიდუბის გამგეობის გუნდის მუშაობის შეფასება, რადგან ახალმა გუნდმა მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.

„შეფასება ალბათ დადებითი იყო და იმიტომ გადაწყვიტეს დიდუბის გუნდის დატოვება. ქალაქი რომ სიცოცხლით გაივსოს ამისთვის დიდუბის როლი მინდა, რომ უფრო მეტად გაიზარდოს, უფრო მეტი პროექტები გავაკეთოთ და უფრო მეტად მივიღოთ ეს გამოწვევები, რომელიც დღევანდელ ახალ გუნდს აქვს ბატონი კახის ხელმძღვანელობით,“-აცხადებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.

რაც შეეხება ახალ გამგებლებს, თითქმის ყველა მათგანი აქტიურად მონაწილეობდა კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში. სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი დავით კერესელიძე ამბობს, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობა, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება.

„ჩვენი ყველა დანაპირები, რომელიც მივეცით თბილისის მოსახლეობას, ეს უნდა შევუსრულოთ ხალხს. გავუუმჯობესოთ პირობები როგორც სოციალური ასევე საყოფაცხოვრებო. მე მინდა გითხრათ, რომ სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქი,“-განაცხადა დავით კერესელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები